როგორ დავგეგმოთ ორსულობა და მოვემზადოთ ახალი სიცოცხლის მისაღებად – ოლიკო მურღულიას ბლოგი

სიყვარული, ურთიერთგაგება,  ერთად ყოფნის ხალისი და ბედნიერება ორ ადამიანს  წყვილად აქცევს და იწყება საინტერესო თავგადასავალი, ხშირად ეს ზღაპარი დაღვინდება და იქმნება უფრო მყარი და საპასუხისმგებლო კავშირი, რომელსაც ოჯახს ვეძახით, ეს ეტაპი სიყვარულის ნაყოფით, შვილებით გვირგვინდება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, თუ ორი ადამიანი მუდამ ზრუნავს რომ არ გაქრეს სიყვარულის მთავარი სხივები – ერთგულება და პასუხისმგებლობა.  უფრო სწორად, პასუხისმგებლობით იწყება ოჯახი,  ხშირად, როდესაც ახალი ოჯახი იქმნება, წყვილები პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას საჭიროდ არ თვლიან. ხშირ შემთხვევაში ორსულობაც არ იგეგმება წინასწარ და ხანდახან ამას ბევრი გართულება მოჰყვება ხოლმე. როდესაც ბავშვის მომავალი დედა ან მამა გარკვეული ინფექციის ან დაავადების მატარებელია, ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშივე ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ან რთულდება დაორსულება. საკუთარ შვილზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე უნდა დავიწყოთ.

როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი, როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი სიცოცხლის მისაღებად ჩვენს სხეულში და ოჯახში?
ამერიკელი მედიკოსები გვაძლევენ 17 რჩევას, თუ როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის. ამ რჩევების გათვალისწინება ხშირად ჩვენთვის გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რამდენიმე მათგანი აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამისთვის წყვილის პასუხისმგებლიანი ქცევა საკმარისია. მაგალითად,  სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა, სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება, ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა,  წონის კლება, ინფექციებსა და ვირუსებზე გამოკვლევა. კოფეინის მიღების შემცირება, სტომატოლოგთან ვიზიტი და ა.შ.   სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი პერიოდი ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს, რითაც თქვენ იცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მომავალ შვილსაც.
გავამახვილებდი ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვანზე – ცხოვრების ჯანსაღი  წესი, ზოგჯერ არასწორი კვება, ძილი და სტრესი უშვილობის მიზეზი ხდება. უმეტესწილად ამ დროს ხდება ციკლის დარღვევა, მამაკაცებში კი – აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების შემცირება. კვების დროს ყურადღება უნდა მიექცეს „ა“ ვიტამინს. მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რაიმე სახის დეფექტი. მომავალმა ორსულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი. ქალმა უნდა მიაღწიოს სასურველ წონას, რათა ორსულობაში არ შეიქმნას ჭარბწონიანობის პრობლემა, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გესტაციური დიაბეტი და სხვა გართულებები. კარგია თევზის მიღება, იგი შიცავს ომეგა3-ს და D ვიტამინს. რაც შეეხება ძილს, 8-საათიანი ძილი აუცილებელია, მაგრამ არა დილის ხარჯზე. სასუველია ღამით 22:00 საათზე დაძინება და დილით 6-7 საათზე ადგომა.

პასუხისმგებლიანი ქორწინების აუცილებელი პირობაა სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე, ვირუსულ ინფექციაზე, „ბ“ და „ც“ ჰეპატიტის, აივ ინფექციის, სიფილისის და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა.

 რა გართულებების აცილება შეიძლება თავიდან ორსულობის დაგეგმვით?

ორსულობის დაგეგმვით, პირველ რიგში, თავიდან ვიცილებთ არასასურველ ორსულობას და ხელოვნურ აბორტს, რომელსაც თავის მხრივ მრავალი გართულება მოჰყვება. გეგმიურ ორსულობამდე მომავალი დედა ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე, რომ ფოლიუმის მჟავას მიღება მკვეთრად ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების ალბათობას. ამიტომ, ყველა ქალმა ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა დაიწყოს გეგმიურ ორსულობამდე მინიმუმ 6 კვირით ადრე და განაგრძოს მისი მიღება ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში.
მომავალი მშობლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მზადყოფნა უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან ზრდა-განვითარებას. ორსულობის დაგეგმვით თქვენ იცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე თქვენს მომავალ შვილს.

Leave a reply