ახალი წიგნის პრეზენტაცია

2023 წლის 16-17 სექტემბერს საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების ეგიდით და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ორგანიზებით საქართველოში მეოთხედ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კონფერენცია „უნაყოფობა 35+“,  წლევანდელი კონფერენციის მტავარი თემა ონკოფერტილობა იყო, კონფერენციაზე მსმენელების წინაშე რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები წარსდგნენ, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს “ფერტილობის შენარჩუნება ონკოლოგიურ პაციენტებში” – პრეზენტაცია. წიგნის ავტორებმა: მაკა ოსეფაიშვილმა, ნინო მუსერიძემ, ოლგა ლავრინოვიჩმა მსმენელს სახელმძღვანელოს შექმნის ისტორია და მისი მნიშვნელობა გააცნეს. სახელმძღვანელო შეიქმნა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, ონკოლოგიურ ავადმყოფებში ფერტილობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის აუცილებელი ცოდნის ერთ ნაშრომში გაერთიანების მიზნით. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ექიმ-ონკოლოგებისთვის, მეან-გინეკოლოგებისთვის, ონკოლოგიურ ავადმყოფებთან მომუშავე რეპროდუქტოლოგებისთვის, ასევე უმაღლესი განთლების (რეზიდენტურა, დოქტორანტურა, სპეციალიტეტი) და დამატებითი პროფესიული განათლების (კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული გადამზადება) სისტემის სტუდენტებისთვის.

ყოველთვიურად მსოფლიოში კიბოს დაახლოებით 160 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამასთან,
შემთხვევების 15-20% მოდის 40 წლამდე ასაკის ადამიანებზე. გადარჩენის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად,
მათი უმრავლესობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალში ბიოლოგიური შვილების გაჩენის
შესაძლებლობა. ფერტილობის შენარჩუნება მოზრდილებსა და ბავშვებში სულ უფრო და უფრო კრიტიკული თემა
ხდება ონკოლოგიაში და მოითხოვს ონკოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების თანამშრომლობას კვლევების,
მკურნალობისა და პროცედურების ნაწილში, რაც განკურნების შემდეგ რეპროდუქციული უნარების
შენარჩუნების პერსპექტივების გაზრდისკენ იქნება მიმართული. ახალგაზრდა პაციენტებთან ფერტილობასა და
ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა უნდა იყოს სავალდებულო, დაავადების სასიკეთო
პროგნოზის, მომავალში ოჯახის შექმნის შესაძლებლობისა და რაც შეიძლება ნაკლები გვერდითი ეფექტებით
სიცოცხლის გაგრძელების გათვალისწინებით, ამის გათვალისწინებით გადვწყვიტეთ საქართველოს სამედიცინო აუდიტორიისთვის ამ სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა, წიგნი საჩუქრად გადაეცა კონფერენციის ყველა სტუმასრს – ნინო მუსერიძე, წიგნის ავტორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორი.

სახელმძღვანელოში განხილულია ყველა ეტაპი, ონკო დიაგნოზის შემდეგ პაციენტის კონსულტაციის დაგეგმვიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე:

ქალის ფერტილობის შენარჩუნება

მამაკაცის ფერტილობის შენარჩუნება

გონადოტოქსიკური ფაქტორების გავლენა

ორგანოს შემანარჩუნებელი ქირურგიული მკურნალობა

ონკოლოგიურ პაციენტებში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების
გამოყენება ფერტილობის შესანარჩუნებლად

რემისიაში მყოფი ონკოლოგიური პაციენტების ორსულობის დაგეგმვა

კომბინირებული მკურნალობის გავლენა ფერტილობაზე სათესლე ჯირკვლის
გერმინოგენული სიმსივნეების მქონე პაციენტებში

კომბინირებული მკურნალობის გავლენა ფერტილობაზე წინამდებარე ჯირკვლის
კიბოს მქონე მამაკაცებში

ბიოლოგიური მასალების კრიოკონსერვაცია

საკონტროლო კითხვები და სატესტო დავალებები

სახელმძღვანელოს რედაქტორები:
არჩილ ხომასურიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
აკადემიკოსი
ნიკოლაი კორნილოვი – მედიცინის დოქტორი
ანდრეი კარიცკი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

 

Leave a reply