რეპროდუქციული ჯანმრთელობა – გზა მშობლობისკენ

უკვე მრავალი წელია, ექიმები ყოველდღიურად პასუხობენ კითხვებს, რომლებიც ბავშვის გაჩენის მსურველ წყვილებს აწუხებთ. თუმცა, ეს თემა მხოლოდ წყვილებს აღარ ეხება. თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს სოციალური საკითხია.  მედიცინის პროგრესი კი გვაძლევს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში ორსულობა გადავავადოთ და ოჯახი სასურველ დროს დავგეგმოთ.

წყვილებისთვის,უპირველესად,  უნდა აღინიშნოს, რომ თუ ორსულობა ერთი წლის განმავლობაში, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგაც არ დგება, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩარევა, თუმცა გარკვეული სახის გამოკვლევები ექიმის რეკომენდაციის მიხედვით საჭირო იქნება.

მოდი გავარკვიოთ, ზოგადად რა არის ფერტილობა?
ფერტილობა არის ორგანიზმის უნარი შექმნას შთამომავლობა. ქალი ფერტილურია, თუ მის ორგანიზმში ყოველთვიურად მწიფდება განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედი, ხოლო მამაკაცი ფერტილურია, თუ მის ეაკულატში არის საკმარისი რაოდენობის ცოცხალი და ნორმალური აგებულების სპერმატოზოიდები. შესაბამისად, ფერტილობის დარღვევა იწვევს უნაყოფობას, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიზეზით.

რა არის უნაყოფობის მიზეზები?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ მამაკაცის უნაყოფობის 16 და ქალის უნაყოფობის 22 მიზეზს.

მამაკაცის ფაქტორი უნაყოფო ქორწინების მიზეზად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ქალი ჯანმრთელია, ხოლო მამაკაცის სპერმის განაყოფიერების უნარი დარღვეულია, რაც გამოხატულია სექსუალური ან ეაკულატორული ფუნქციის პათოლოგიით. მამაკაცის უნაყოფობის მიზეზით უნაყოფო ქორწინებების მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

თუ უნაყოფო ქორწინების მიზეზი ქალის ორგანიზმში არსებული დაავადებაა, ამას ქალის უნაყოფობას უწოდებენ (30%). ქალის უნაყოფობის ენდოკრინული ფორმის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია საკვერცხეების ფუნქციის რეგულირების ჰორმონული მექანიზმი. ფალოპის მილების არარსებობის ან გაუმტარობის შემთხვევაში ამას ეწოდება მილოვანი უნაყოფობა.

რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალური მაჩვენებლის მქონე წყვილების 3%-ში უნაყოფობას შესაძლოა იწვევდეს იმუნოლოგიური შეუთავსებლობა, როდესაც ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც პარტნიორის სპერმის აქტიურობას ამცირებს.

და ბოლოს, უნაყოფობის პრობლემა შესაძლებელია შეგვხვდეს სრულიად ჯანმრთელ და კარგად შეთავსებულ წყვილებშიც, ამას უწოდებენ დაუდგენელი ხასიათის (იდიოპათიურ) უშვილობას.

რადგან შემთხვევათა თითქმის 40%-ში უნაყოფობის მიზეზებს ორივე მეუღლის დაავადებები განაპირობებს, აუცილებელია წყვილის გამოკვლევა როგორც გინეკოლოგის, ასევე ანდროლოგის მიერ. ამგვარი „ორმხრივი“ მიდგომა საშუალებას იძლევა შედგეს გამოკვლევის საერთო გეგმა და დიაგნოსტიკის პროცედურების თანმიმდევრობა. რიგ შემთხვევებში აუცილებელია თერაპევტის, ენდოკრინოლოგის და სექსოპათოლოგის კონსულტაციაც.

ქალის შემთხვევაში არსებობს გამოკვლევათა განსაზღვრული სქემა, რომელიც მოიცავს:

  1. საკვერცხეებსა და საშვილოსნოში ფუნქციური ცვლილებების შეფასებას;
  2. საშარდე-სასქესო გზების ინფექციებზე გამოკვლევას;
  3. საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობისა და ფალოპის მილების გამავლობის შეფასებას;
  4. იმუნოლოგიური კონფლიქტის გამოვლენას.

მამაკაცის შემთხვევაში გამოკვლევა იწყება სპერმის ანალიზით (სპერმოგრამა). სპერმოგრამაში განისაზღვრება სპერმის მოცულობა, სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობა, აქტიურად მოძრავი და ნორმალური აგებულების სპერმატოზოიდების რაოდენობა, ასევე ლეიკოციტების რაოდენობა. მორფოლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად შეფასდეს სპერმატოზოიდების მდგომარეობა და ნორმალური ფორმების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის შერჩევისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ სპერმის ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება ალკოჰოლის, ნიკოტინის, პროფესიული მავნე ფაქტორების, ფსიქოლოგიური სტრესის, ნერვული და საერთო გადაღლის, ასევე მწვავე და ქრონიკული დაავადებების ზემოქმედებით. ამიტომ, ანალიზის ჩატარებამდე აუცილებელია ამ ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სპერმატოზოიდების სრული განახლება ხდება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ამიტომ რაც უფრო დიდხანს იქნება დაცული ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უკეთესი იქნება შედეგი.

სპერმის ჩაბარებამდე აუცილებელია სქესობრივი თავშეკავება მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. 3–4 დღიანი თავშეკავება ითვლება ოპტიმალურ პერიოდად კვლევის ჩატარებისთვის.

უნაყოფობის მკურნალობის ეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრული გამოკვლევის ჩატარება და მიზეზის სწორად დადგენა. ხშირად უნაყოფობას რამდენიმე მიზეზი აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი, ამიტომ თუ მკურნალობა 1 წლის განმავლობაში არაეფექტურია, საჭიროა ტაქტიკის შეცვლა. 35 წელს გადაცილებულ ქალებში ეს ვადა მცირდება 6 თვემდე.

რა ხდება ონკოლოგიურ პაციენტებში?
თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი უფლებაა ფერტილობის შენარჩუნება ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ შვილი პროცედურების დასრულების შემდეგაც. კვლევების მიხედვით, იმ ონკოლოგიური პაციენტების 67–80%, რომლებმაც მიიღეს კომპეტენტური კონსულტაცია, იღებს გადაწყვეტილებას ფერტილობის შენარჩუნების შესახებ.

ჩვენი რეკომენდაციაა სასქესო უჯრედების, ემბრიონების ან/და რეპროდუქციული ორგანოების ქსოვილების შენახვა პაციენტის სურვილის შესაბამისად, მათ შორის „გადავადებული დედობის“ შემთხვევაშიც. აუცილებელია, რომ პაციენტს მართავდეს სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა როგორც ონკოლოგიის, ასევე რეპროდუქტოლოგიის სფეროში.

 

იცოდეთ, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა თქვენი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილია. დროული დიაგნოსტიკა, სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც გეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

ნუ დაკარგავთ დროს, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღეს, რათა ხვალ გქონდეთ ის, რაზეც ოცნებობთ.  იფიქრეთ პოზიტიურად და თქვენ აუცილებლად გეყოლებათ შვილი!✨

 

Leave a reply