მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “Infertility 35+”

უკვე მესამედ თბილისმა სამედიცინო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას და ვორქშოფს „უნაყოფობა 35+“ უმასპინძლა.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ეგიდით და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით 2022 წლის 18-19 სექტემბერს სასტუმრო „ბილთმორ თბილისში“ შედგა მსოფლიოს მასშტაბით დარგის საუკეთესო ექსპერტთა შეკრება,  კონფერენციის მონაწილეებს კი საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა ქვეყნის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების პრეზიდენტების და მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებისთვის, ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, კანადიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან.

წლევანდელი წლის კონფერენციის აქტუალურ თემები, ბუნებრივია, პოსტკოვიდურ პერიოდს და მისთვის დამახასიათებელ ძვრებს ეხებოდა რეპროდუქციულ სფეროში, მთავარი თემა კი ის მნიშვნელოვანი სიახლეებია დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსა და მეთოდებში, რაც ბოლო წლის განმავლობაში ინერგება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

კონფერენციას წელსაც რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე  კონფერენციის სულის ჩამდგმელი და განმახორციელებელი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსერიძე უძღვებოდნენ.

„მიმაჩნია რომ პროფესიული ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია მუდამ პულსზე გედოს ხელი და არ ჩამორჩე იმ ძვრებს და სიახლეებს რაც მსოფლიო რეპროდუქტოლოგიის სფერო გვკარნახობს, ამისათვის მე პირადად სულ ვესწრებოდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კონფერენციებს, კონგრესებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, სულ გული მწყდებოდა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები საქართველოში არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის და მომავალი ექიმებისთვის მიგვეცა საშუალება ადგილზე, მათ ქვეყანაში, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე მიეღოთ ეს სიამოვნება, საბოლოოდ ხომ ეს ყველას წაადგება, ქართულ მედიცინას და ხალხს, ვისაც ეს სერვისი სჭირდება.“ – ამბობს კონფერენციის ორგანიზატორი ქალბატონი ნინო მუსერიძე

წლევანდელი კონფერენციის მომხსენებლები განსაკუთრებულ ყურადღებას რეპროდუქტოლოგიაში გენეტიკის ფაქტორსა და გენეტიკური კვლევების მნიშვნელობაზე ამახვილებენ, მთავარ თემებს შორისაა: “ორსულობის მართვა დიაბეტის დროს“ ; „ონკოლოგიური პაციენტების ბიოლოგიური მასალის მიღება“; „უშვილობის მზარდი სტატისტიკა და კვლევები“; “ღეროვანი უჯრედების გამოყოფა და PRP პროცედურა“

კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრებად და სპიკერად მოწვეული იყვნენ: ვიქტორ გომელი,  MD, FRCSC (Professor Emaritus/Emerita Division of Reproductive Endocrinology & Infertility The University of British Columbia),  ასევე  პროფესორი ალექსანდრ შიმონი MD, (IVF Specialist, Hadassah Medical Center, Jerusalem), პროფესორი ადვა აიზერი ( Head of the IVF Laboratory Department of Obstetrics and Gynecology, The Sheba Medical Center), პროფესორი რაულ ორვიეტო (Director of Division of Reproductive Endocrinology and Infertility, Sheba Medical Center, Head of the Israel Fertility Association) და სხვები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ვორქშოფი თემაზე Stem cell and PRP Therapy.

სპეციალურად კონფერენციის თემას ეძღვნება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დაარსებული სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალი Medical Times-ის სექტემბრის გამოცემა, მასში მკითხველი კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების აბსტრაქტებს გაეცნობა.

კონფერენცია მიმდინარეობდა როგორც ოფლაინ ასევე ონლაინ ფორმატში და ზუმის საშუალებით . კონფერენციაზე წინასწარ დარეგისტრირებულ მსმენელებს კი (რეპროდუქტოლოგებს, მეან-გინეკოლოგებს, უროლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ენდოკრინოლოგებს და ონკოქირურგიაში სერტიფიცირებული ექიმებს)  მიენიჭათ 1 ტიპის 9 უპგ ქულა.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ტრადიციულად,  საქართველოს მოქალაქეებისთვის, კონფერენციაზე დასწრება წელსაც უფასო იყო.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, პროფესორ არჩილ ხომასურიძეს გავესაუბრეთ:

„რეპროდუქტოლოგიაში ყველა კონფერენცია მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუკი მას აქვს განათლებითი აქცენტი. ეს კონფერენცია, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, ზუსტად ასეთი ხასიათისაა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კოვიდის პანდემიის დასაწყისში ბოლო ასეთი დონის კონფერენცია სწორედ GGRC-ის კლინიკამ ჩაატარა რეპროდუქტოლოგიაში და ახლაც, როცა ეს პანდემია დასრულდა ისევ ეს კლინიკა ატარებს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას ჩვენს ქვეყანაში.როგორც აღვნიშნეთ, კონფერენციას აქვს კლინიკური და განათლებითი მნიშვნელობა , სადაც ქართველი ექიმები, რეზიდენტები და სტუდენტები დაიშვებიან ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე. ეს სფერო მედიცინის სხვა დარგებს შორის შედარებით ახალგაზრდაა და მოითხოვს მუდმივ განვითარებას. თანაც, ბოლო დროს რეპროდუქტოლოგია ძალიან პოპულარული მიმართულება გახდა ჩვენს ქვეყანაში. აქვე, უნდა გითხრათ რომ საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რეპროდუქტოლოგია არის დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა. 27 წელი პირადად ვიბრძოდი ამისთვის და  2020 წელს სახელმწიფომ აღიარა ეს დარგი, როგორც გინეკოლოგიისგან დამოუკიდებელი დარგი.

  • ბატონო არჩილ, ქვეყნის პრესტიჟის კუთხით როგორ აფასებთ კონფერენციას და როგორია მსოფლიოში ამ კონფერენციის მიმართ გამოხმარეუბა?

რაც შეეხება პრესტიჟულობას, მე შემიძლია გითხრათ, რომ კონფერენციის ორი სტუმარი, მეცნიერი, რომელსაც პირადად ვიცნობ არის მსოფლიო რეპროდუქტოლოგიის ვარსკვლავი: პროფესორი გომელი, კანადიდან რომელიც არის კანადაში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების ავტორი და ლაპარასკოპიის დამაარსებელი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერი. მეორე კი,  ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა – პროფესორი შიმონი, ისრაელიდან, ასე, რომ თუ ამ ორი მეცნიერის მონაწილეობას გავითვალისწინებთ, კონფერენცია ნამდვილად მაღალი დონის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა საერთაშორისო მასშტაბით.

  • საქართველოს დემოგრაფიისთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქტოლოგიის დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში?

ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩვენს სამეზობლოში –  ყველგან აფინანსებენ ინ ვიტრო განაყოფიერებას. საქართველოში –  არა და აუცილებლად, უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ფიქრი. მივესალმები, რომ აჭარის რეგიონში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. არსებული არცთუ სახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფერტილობის კუთხით, მე ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს,  ნუ დაღუპავთ საქართველოს – რაღაცა მოიმოქმედეთ გარდა მედიცინისა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს ჩვენს ქვეყანაში ქართული გენის გადასარჩენად.

 

Leave a reply