სადაც სიცოცხლე იწყება…

IVF კლინიკაში ამ ადგილს ემბრიოლოგიური ლაბორატორია ჰქვია. ეს ნამდვილად ჯადოსნური სამყაროა, ემბრიოლოგი კი კეთილი ჯადოქარი, რომელიც ყველაზე პირველი ხდება სიცოცხლის დაბადების მონაწილე და მოწმე.

თუ თქვენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარება დაგჭირდათ, სწორედ აქ დაიწყებს თქვენი ნაყოფი  ფეთქვას.

აქ კი ხშირად მოდის პაციენტი და გვთხოვს, ყველაფერი ნატიური იყოს მის ემბრიონთან მიმართებაში… სიამოვნებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია არ იმუშავებს, რადგან ყველას თავისი მიზეზი აქვს უნაყოფობის და ნატიურად რომ გამოდიოდეს თქვენ ჩვენ არ მოგვმართავდით, ამიტომ არჩევანი მოგვეცით რა გავაკეთოთ და თუ გვანდობთ თქვენს მომავალ ნაყოფს, ლაბორატორიაში ვირტუალური სამყარო ჩვენია, ჩვენ ვირჩევთ მეთოდებს, მაქსიმალურად ვცდილობთ წინასწარ გავთვალოთ ვის რა გჭირდებათ, როგორი მართვა: ICSI, IVF, PICSI, IVTesa, PRP, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია თუ სხვა.

წარმოიდგინეთ, სად არიან თქვენი პატარები ხან სულ ერთი ცალი, ხან 25 და მეტი,  დღეს ეს ტექნოლოგიები ადამიანების ხელშია, ხვალ, შესაძლოა, რობოტული გახდეს ემბრიოლოგია, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ემბრიოლოგის შრომა, ცოდნა, გამოცდილება, ტექნიკები. ვითარდება ეს სფერო, როგორც ცოცხალი ორგანიზმი,  ხვალ კიდევ უფრო მეტი ავტომატიზაცია იქნება, ისევე, როგორც დაიხვეწა გაყინვის მეთოდები, გამოყინვის, ბიოფსიის, კვლევის… ახლო წარსულში მე-3 დღეს FISH-ს ვაკეთებდით გენეტიკური კვლევისთვის, დღეს 23 ქრომოსომა გაშიფრულია, დღეს შეგვიძლია დაავადებული გენი ვიპოვოთ, დღეს შეგვიძლია სქესი განვსაზღვროთ სქესთან შეჭიდული გენეტიკური პათოლოგიის დროს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უნდა ვენდოთ დამხმარე ტექნოლოგიებს და გვენდეთ, ჩვენ, ვინც ხელებით ვეხებით ახალ სიცოცხლეს, თითოეული იმპულსი, მოძრაობა, დაბადება ჩვენთვის დიდი გამარჯვება და წარმატებაა, ამ პატარა უჯრედებით ჩვენ თქვენს სიცოცხლეს, მომავალს ვქმნით და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თქვენთვის და თქვენთან ერთად ვაცნობიერებთ და ერთი სული გვაქვს, როდის მოგახარებთ თქვენი ნაყოფის სიცოცხლის დასაწყისს…

სიყვარულით, GGRC-ის ემბრიოლოგთა გუნდი

Leave a reply