როდის მივმართოთ ინ ვიტრო განაყოფიერებას?
წყვილს, რომელსაც 12 თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, შვილი არ უჩნდება, უნაყოფობის დიაგნოზს უსვამენ, უშვილობის პრობლემა ოდითგანვე არსებობდა, თანამედროვე მედიცინა კი ამ პრობლემას სხვადასხვა მეთოდებით უმკლავდება.დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე
ეფექტურად მიიჩნევაინ ვიტრო განაყოფიერება,რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა გენეზის უნაყოფობის დროს.ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას არა ქალის ორგანიზმში (ანუ ბუნებრივი გზით), არამედ ხელოვნურად შექმნილ გარემოში – ლაბორატორიაში.
ხელოვნური განაყოფიერება კლინიკური ემბრიოლოგიისა და მედიცინის მაღალტექნოლოგიური მიღწევების წყალობით გახდა ხელმისაწვდომი. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა ემბრიოლოგიური პროცედურები, რომლებსაც ემბრიოლოგები სპეციალურ ლაბორატორიაში ატარებენ. მათი ამოცანა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ემბრიონის მიღებაა, რისთვისაც სხვადასხვა მანიპულაციას – IVF-ს, ICSI-ს, IMSI-ს, PGD-ს, ემბრიონებისა და ოოციტების კრიოკონსერვაციას – მიმართავენ.
ექიმი რეპროდუქტოლოგის მიერ ინ ვიტრო განაყოფიერება რომ დაინიშნოს, აუცილებელია ჩატარდეს შემდეგი კვლევები:
ჰორმონალური და ინფექციებზე კვლევის ჩატარება;
სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ექოსკოპია;
გინეკოლოგიური ექოსკოპია;
მუცლის ღრუს სრული ექოსკოპია და ანტი-მიულერის ჰორმონის განსაზღვრა;
სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპიული კვლვეა.
სპერმოგრამა.
ინ ვიტრო პროცედურა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:
საკვერცხეების სტიმულაცია
ინ ვიტრო პროცედურის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა მომწიფებული კვერცხუჯრედების მიღება, რაც ქალის ორგანიზმის მედიკამენტური სტიმულაციით მიიღწევა. პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე, მკურნალობის სქემასა და პრეპარატების დოზირებას ექიმი რეპროდუქტოლოგი ადგენს. ჰორმონული სტიმულაციის მიზანია, ერთი მხრივ, მომწიფებული და ხარისხიანი კვერცხუჯრედების მიღება, მეორე მხრივ კი საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მომზადება ემბრიონის გადასატანად. სტიმულაციის პროცესი ულტრაბგერის საშუალებით კონტროლდება.
ფოლიკულების პუნქცია
როდესაც ფოლიკულები მომწიფდება ანუ სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი – ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) და კვერცხუჯრედების მიღება. ეს პროცედურა ტრანსვაგინალური პუნქციის საშუალებით, ულტრაბგერითი კონტროლით ტარდება. მიღებული სითხე გადაეცემა ემბრიოლოგიურ ლაბორატორიას, სადაც ემბრიოლოგი კვერცხუჯრედებს ნახულობს, წმენდს, სპეციალურ სითხეში ათავსებს და აფასებს მათი მომწიფების ხარისხს. კვერცხუჯრედები ინკუბატორში რამდენიმე საათის განმავლობაში ინახება.
ამ პერიოდში მუშავდება სპერმა. თანამედროვე სპეციალური ხსნარების დახმარებით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება სათესლე სითხიდან და ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან მათი გაწმენდა.
ხელოვნური განაყოფიერება
ხელოვნური განაყოფიერების დროს ექიმი ემბრიოლოგი სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეერთებით იღებს ემბრიონს. კვერცხუჯრედის განაყოფიერების დაფიქსირება პროცედურის პირველი ეტაპის წარმატებული დასასრულია.
სპერმის ხარისხის შესაბამისად, ტარდება ან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), ან ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI).
ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF) სპერმის მაჩვენებლები – კონცენტრაცია, მოძრაობა – ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. კვერცხუჯრედებს დამუშავებული სპერმა ემატება და ინკუბატორში 17-20 საათს ყოვნდება. ამ ხნის განმავლობაში სპერმატოზოიდები ბუნებრივი პროცესის ანალოგიურად არღვევენ კვერცხუჯრედების გარსს და ანაყოფიერებენ მათ.
თუ სპერმის ხარისხი დაბალია, კვერცხუჯრედებს უტარდება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI). ამ დროს ერთი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდია საჭირო. ემბრიოლოგი სპეციალური მიკროინექტორის დახმარებით არღვევს კვერცხუჯრედის გარსის მთლიანობას და სპერმატოზოიდი მასში მექანიკურად შეჰყავს. მამაკაცის უნაყოფობის სახე (ოლიგოსპერმია, ასთენოსპერმია, ოლიგოასთენოსპერმია) ICSI-ს შედეგზე გავლენას ფაქტობრივად არ ახდენს. მთავარია, ცოცხალი სპერმატოზოიდების გარკვეული რაოდენობა მაინც იქნეს მიღებული.
კვერცხუჯრედებზე სპერმის დამატებიდან 17-20 საათის განმავლობაში ემბრიოლოგი განაყოფიერებული კვერცხუჯრედების – ზიგოტების – რაოდენობასა და ხარისხს აფასებს. ამ ეტაპზე ნორმალურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ერთი უჯრედია, რომელსაც დედისეული და მამისეული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ორი პრონუკლეუსი (ბირთვი) აქვს. ოოციტი იყოფა და ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების მქონე მეორე პოლარული სხეულაკი უჩნდება (პირველი პოლარული სხეულაკი კვერცხუჯრედს მომწიფების პერიოდშივე უყალიბდება). ამ დროს განაყოფიერების ყველა ნიშანი უკვე გამოვლენილია. განაყოფიერებიდან 30 საათის შემდეგ ზიგოტა გაიყოფა. წარმოიქმნება უჯრედები გეომეტრიული პროგრესიით – ორი, ოთხი, რვა და ა.შ.
დადგენილია, რომ ჯერ კიდევ გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში იწყება მომავალი ემბრიონის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებების სინთეზი, ინკუბატორში კი ის საკვებ ხსნარებში სათანადო ტემპერატურულ და ოსმოსურ პირობებშია მოთავსებული.
განაყოფიერებიდან 48 საათის შემდეგ ემბრიოლოგი კვლავ აფასებს ემბრიონის ხარისხს, აკვირდება გარეგან ფორმას, დაყოფის სიხშირეს, უჯრედების რიცხვს, ზომას, ფორმას, ფრაგმენტაციის ხარისხს, სიხშირეს, ემბრიონის გარსის სისქეს, სიცოცხლისუნარიანობას. ამ მონაცემების მიხედვით ემბრიონები სხვადასხვა ჯგუფში ხვდებიან.
უნდა ითქვას, რომ გაყოფის დროს ემბრიონის ზომა არ იზრდება, პირიქით, გარკვეულწილად მცირდება კიდეც. როდესაც უჯრედების რაოდენობა განსაზღვრულ რიცხვს მიაღწევს, დაყოფის ინტენსივობა მცირდება. ოთხი დღის ემბრიონს მორულა ეწოდება. მასში უჯრედები კომპაქტურადაა განლაგებული. მორულის გარეთა შრე ინტენსიურად ამარაგებს უჯრედებს იონებითა და წყლით. ამის წყალობით გარკვეული ხნის შემდეგ უჯრედშორისი სივრცე იზრდება და ემბრიონი ბლასტოცისტის სტადიაზე გადადის.
ემბრიონი უკვე მზადაა იმპლანტაციისთვის. ბლასტოცისტი შედგება უჯრედების თხელი გარსისა და შიდა უჯრედული მასისგან, საიდანაც ჩანასახის ქსოვილები ვითარდება.
ემბრიონის ინ ვიტრო განვითარება, წესისამებრ, 3-5 დღე გრძელდება. მერე ის სპეციალური კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს. ამის შემდეგ ორსულობა ბუნებრივი პროცესის ანალოგიურად გრძელდება.
ინ ვიტრო განაყოფიერება დაორსულების 100%-იან შედეგს არ გულისხმობს, ინ ვიტრო განაყოფიერება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში დადებითი შედეგით არ სრულდება. დაფეხმძიმების და შემდგომში ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა 25-37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45-50 პროცენტს შეადგენს. 38-40 წლის ასაკის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედების “დაბერების” პროცესი, რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულობის დადგომაზე და იწვევს დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას 42-44 წლის ასაკში 15-20 %-მდე და 45 ასაკის ზემოთ ეს ციფრი შეადგენს 5-8 %.
Leave a reply