რა როლი აქვს ულტრასონოგრაფიულ კვლევას ორსულობის დროს და არის თუ არა ის ნაყოფისთვის საშიში?

ორსულობისას მუცლის ფორმა  ქალის ფეხმძიმობას ადასტურებს, თუმცა, 21-ე საუკუნეში ნაყოფის ულტრასონოგრაფიული კვლევა გვაძლევს ყველა სხვა საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა ნაყოფის მდებარეობა, წონა, განვითარება,  ორსულის ზოგადი მდგომარეობა, სქესი,  მშობიარობის თარიღი და ა.შ.

ულტრასონოგრაფიული კვლევის საფუძველზე, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ  ორსულობის გართულებები,  შევამციროთ რისკები და გავზარდოთ ნაყოფის ცოცხლად  შობის მაჩვენებელი.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის-GGRC-ის ექიმი-რადიოლოგი თამთა მოწონელიძე საუბრობს თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია  ორსულობის კონკრეტულ ვადებზე და რატომ არის საჭირო  ნაყოფის  ექოსკოპიური შემოწმება  გეგმიურად და თანმიმდევრულად.

– ულტრასონოგრაფია წარმოადგენს გამოკვლევის მეთოდს, რომელიც შეგვიძლია, ჩავატაროთ მთელი ორსულობის განმავლობაში, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მივაყენოთ არც დედას და არც ნაყოფს. კვლევის ულტრასონოგრაფიული მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ ნაყოფის ზრდა-განვითარებას, თვალყური ვადევნოთ და თუ პრობლემები არსებობს, გამოვავლინოთ.

ორსულობის დასაწყისში,  უნდა შეფასდეს  ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია თუ საქმე გვაქვს ექტიპიურ ორსულობასთან (საშვილოსნოს გარე ორსულობა). თუ სანაყოფე პარკი საშვილოსნოს ღრუშია, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ სანაყოფე პარკის რაოდენობა. ტყუპი ორსულობის შემთხვევაში თავიდანვე უნდა იყოს ინფორმირებული როგორც პაციენტი, ასევე მისი გინეკოლოგი. გარდა ამისა, ჩვენ ვათვალიერებთ საშვილოსნოს, საკვერცხეებს და მთლიანად მცირე მენჯს, რათა ამ ორსულობისთვის ხელის შემშლელი რაიმე პათოლოგია არ აღმოჩნდეს. ამ ვადაზე ხშირად ვიყენებთ ტრანსვაგინალურ მიდგომას, რომელიც ორსულობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ემბრიონის დაფიქსირება შესაძლებელია, დაახლოებით, 6 კვირის ვადაზე, როგორც 1-2 მილიმეტრის ექოგენური სტრუქტურა სანაყოფე პარკში. ემბრიონის გამოჩენიდან პირველი ტრიმესტრის დამთავრებამდე ორსულობის ვადის დასადგენად ვზომავთ ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძეს და სწორედ ამ ვადის მიხედვით დადგენილი მშობიარობის თარიღი არის ყველაზე ზუსტი.

პროგრესირებადი ორსულობის შემთხვევაში ემბრიონის გულისცემა მკვეთრად გამოვლინდება უკვე 6-7 კვირის ვადაზე. დასაწყისში, გულისცემის სიხშირე შეიძლება იყოს 110-ზე ნაკლები წუთში, 170-მდე იმატებს 10 კვირამდე და 14 კვირიდან საშუალოდ 140-150 ხდება. როცა ემბრიონის ზომა 7 მილიმეტრი ან მეტია და გულისცემა არ ფიქსირდება, შესაძლოა, იყოს არაპროგრესირებადი, შეწყვეტილი ორსულობა.

დაახლოებით, 11-14 კვირის ვადაზე, როცა ნაყოფის თხემ -კუდუსუნის ზომა 45-84 მილიმეტრის ფარგლებშია, ექოსკოპიურად უკვე შესაძლებელი ხდება ნაყოფის, როგორც დაუნის სინდრომის, ისე სხვა ქრომოსომული ანომალიების შესახებ საუბარი.

ქრომოსომული ანომალიების გამოსავლენად თანამედროვე რადიოლოგიაში მოწოდებულია გარკვეული ულტრაბგერითი მარკერების შეფასება. ესენია:

  • კისრის არეში არსებული საყელოსებრი სივრცის სისქის გაზომვა;
  • ცხვირის ძვლის ზომა, ვენურ სადინარში სისხლის ნაკადის შეფასება;
  • ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის გამოვლენა;
  • ფრონტო-მაქსილარული კუთხისა და თავის ტვინის მეოთხე პარკუჭის შეფასება;                                                                                           ამ

ამ მარკერებიდან ყველაზე პათოგნომურად მიიჩნევა გასქელებული საყელოსებრი სივრცის გამოვლენა. რასაკვირველია, ის ყოველთვის არ არის ქრომოსომული ანომალიების ზუსტი მაჩვენებელი და როცა ჩნდება ეჭვი ამ სინდრომების შესახებ, კეთდება დამატებითი გამოკვლევები. თუმცა, არსებობს ძლიერი კორელაციები საყელოსებრი სივრცის გასქელებასა და ნაყოფის ისეთ ქრომოსომულ ანომალიებს შორის, როგორიცაა პატაუს სინდრომი, ედვარდსის სინდრომი, დაუნის სინდრომი და ტერნერის სინდრომი. ამ ვადაზე უნდა შეფასდეს ნაყოფის ანატომიაც: თავის ტვინის სტრუქტურები, სახე, გულმკერდი, მუცელი, კიდურები და ხერხემალი. გარდა ამისა პლაცენტა, სანაყოფე წყლები, ჭიპლარი, საშვილოსნოს ყელი…

ზოგადად, ამ ვადაზე, რა თქმა უნდა, არ ვიზუალიზდება ყველა თანდაყოლილი მანკი, რადგან ორგანოგენეზი ჯერ არ არის დამთავრებული, მაგრამ ისეთი უხეში და თვალსაჩინო ანომალიები როგორიცა, აკრანია, ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, ომფალოცელე, გასტროშიზისი, ხერხემლისა და კიდურების პათოლოგიები გამოცდილ რადიოლოგს არ გამოეპარება.

– ერთ-ერთი ვადა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნაყოფის დეტალური დათვალიერებითვის, არის 18-22 კვირა. ამ დროს უკვე დასრულებულია ორგანოგენეზი და ხდება არსებული ანომალიების გამოვლენა, თუმცა, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ულტრასონოგრაფიასაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა, გარკვეული დაავადების დიაგნოსტირება ექოსკოპიური გამოკვლევით ვერ მოხდეს.

18-22 კვირაზე უნდა განისაზღვროს ნაყოფის ბიპარიეტალური ზომა, თავის გარშემოწერილობა, მუცლის გარშემოწერილობა და ბარძაყის ძვლის სიგრძე. ინდივიდუალურ შემთხვევებში, ზოგჯერ, სხვა პარამეტრებსაც ვზომავთ. ამის საფუძველზე ვადგენთ ნაყოფის წონას და ორსულობის ვადას. ამ კვლევის დროს ხდება ძირითადი ანომალიების გამოვლენა გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, ძვლოვან და საშარდე სისტემებში. ვათვალიერებთ და ვაფასებთ სახეს, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებს, დიაფრაგმას, კიდურებს, ხერხემალს, სასქესო ორგანოებს.

ასევე, მნიშვნელოვანია სანაყოფე წყლები, ჭიპლარის, პლაცენტისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოვლენა.

საქართველოში არსებული ორსულთა უფასო პროგრამის ფარგლებში, მესამე ტრიმესტრში გამოკვლევა კეთდება 36 კვირაზე. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ მეან-გინეკოლოგი ჩათვლის საჭიროდ, რასაკვირველია, დამატებითი გამოკვლევებიც კეთდება. მესამე ტრიმესტრში ჩატარებული ულტრასონოგრაფიით, ძირითადად, ვადგენთ რამდენად შეესაბამება ნაყოფის განვითარება თავის ვადას. ხომ არ არის ზრდაში ჩამორჩენა.ზრდაში ჩამორჩენის შემთხვევაში დამატებით ვაკეთებთ დოპლეროგრაფიულ კვლევას და ვაფასებთ ბიოფიზიკურ პროფილს. ეს კვლევები რუტინულ კვლევებში არ შედის. ისინი მაღალი რისკის მქონე ორსულებში და სხვა არსებული პრობლემების დროს ხორციელდება.

ნაყოფის ზრდის შეფერხების გამოვლენის შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული კვლევები უნდა განხორციელდეს ყოველ 2 კვირაში.

– არსებობენ მკვლევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ულტრასონოგრაფიის მომენტში ნაყოფი შეიგრძნობს გარკვეულ ხმაურს. არის მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ულტრასონოგრაფიის დროს წარმოიქმნება სითბური ენერგია და ტემპერატურამ ნაყოფში შესაძლებელია რამდენიმე გრადუსით აიწიოს. მაგრამ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ნაყოფისთვის რაიმე სახის საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ თუ პათოლოგიები დროულად არ გამოვლინდა, რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ნაყოფს, ასევე მის დედას.

Leave a reply