ინ ვიტრო განაყოფიერების ეტაპები

რა უნდა იცოდეს პაციენტმა, ვინც პირველად იწყებს ხელოვნური განაყოფიერების პროგრამას?

რა პროცესია ინ ვიტრო განაყოფიერება,  რამდენ ხანს გრძელდება და რამდენად რთულია – ესაა ახალი პაციენტების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმული სამი კითხვა.

განვმარტოთ თანმიმდევრულად, რა ეტაპებს გადის პაციენტი:

 

სტიმულაცია — პირველი ეტაპია. ჩვენი მიზანია, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი კვერცხუჯრედი. ბუნებრივ ციკლში იზრდება მხოლოდ ერთი ფოლიკული და შესაბამისად — მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი. ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ სპეციალური პრეპარატებით ვახორციელებთ საკვერცხეების სტიმულაციას.

პრეპარატები შეჰყავთ პატარა ინსულინის ნემსით მუცლის მიდამოში.

პაციენტი ამას აკეთებს თავად, სახლში. პროცესი არ არის მტკივნეული და არც რთული. სტიმულაცია გრძელდება დაახლოებით 10–12 დღე.

ამ პერიოდში 2-3-ჯერ ვხვდებით ექოსკოპიაზე — ვაკვირდებით, როგორ იზრდება ფოლიკულები. მათი ზომის მიხედვით ვგეგმავთ პუნქციის დღეს.

პუნქცია — ეს არის კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურა. გრძელდება დაახლოებით 10–15 წუთი, სრულდება მოკლე შიდა ნარკოზით — თქვენ ამ დროს გძინავთ. პროცედურის შემდეგ, დაახლოებით 1.5 საათში, უბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს.

ამ დღესვე თქვენი პარტნიორი აბარებს სპერმას და ლაბორატორიაში იწყება განაყოფიერების პროცესი. ემბრიონები იზრდებიან 5–7 დღე.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვანხორციელებთ ციკლის სეგმენტაციას — ანუ ემბრიონების გადატანა ხდება მოგვიანებით, რათა შევძლოთ წინასწარ  ემბრიონის გენეტიკური ტესტირება.

გენეტიკური ტესტისთვის, მეხუთე დღის ემბრიონს გარსიდან ვაცლით 3-დან 8-მდე უჯრედს. ეს უჯრედები იგზავნება გენეტიკურ ანალიზზე. ემბრიონი კი ინახება ლაბორატორიაში და ელოდება შეფასებას.

თუ ტესტირების შედეგად ემბრიონი გენეტიკურად ჯანმრთელია, ვიწყებთ მზადებას გადატანისთვის. გადატანა შეიძლება ნებისმიერ თვეს მოხდეს— როცა თქვენთვის მოსახერხებელია, რადგან მასალა უკვე გაყინულია.

გადატანა შეიძლება:

  • ბუნებრივ ციკლში,
  • ან ჰორმონული პრეპარატების ფონზე

ამას ექიმი გადაწყვეტს თქვენთან ერთად.

ემბრიონის გადატანისთვის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 18–20 დღე. გადატანა — ძალიან მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, მსგავსია ცერვიკალური ნაცხის აღების. გრძელდება მხოლოდ 3–5 წუთი. გადატანის შემდეგ უბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს და 10 დღის შემდეგ აბარებთ სისხლის ანალიზს ქორიონულ გონადოტროპინზე.

თუ ტესტი დადებითია — ვაფიქსირებთ დადებით შედეგს, ვადასტურებთ ორსულობას ექოსკოპიით და ვდგებით აღრიცხვაზე მეან-გინეკოლოგთან.

მთავარი გზავნილი — პროცესი მარტივია და არ მოითხოვს ბევრ დროს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი — თქვენი ორსულობა!

გისურვებთ წარმატებულ პროტოკოლს, მარტივ და ეფექტურ მკურნალობას და, რაც მთავარია, ბედნიერ ორსულობას!

Leave a reply