გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს ჩვენს სხეულში და ჩვენს გვერდით!
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი ზედმიწევნით ასრულებს WHO-ს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩვენი პარტნიორის და ზედამხედველი მხარის, გერმანიის კლინიკის ახალი გაიდლაინის რეკომენდაციებს,
რომლის მიხედვითაც პაციენტთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით ვამკაცრებთ ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების ზომებს და განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ახალი სიცოცხლის მატარებელ ქალბატონებს.
და ვინაიდან, ყოველი ახალი ჯანმრთელი სიცოცხლის დაბადებისთვის ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და მისიაცაა, გვინდა, ჩვენი პირველი ბლოგი მივუძღვნათ მათ, ვინც უკვე ორსულადაა ან ემზადება ამ მშვენიერი მდგომარეობისთვის
ორსულობის დროს ქალის იმუნური სისტემა იცვლება, და ის უფრო მგრძნობიარე ხდება რესპირატორული ინფექციების მიმართ. ახალი კორონავირუსის მიმართ ორსულთა და ახალშობილთა რისკების შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბარი გაგვიჭირდება, რადგან საბედნიეროდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, დასნებოვნების ფაქტები მსოფლიოში ძალიან მცირეა და მიმდინარეობს დაკვირვება.
მაგალითად, ჩინეთში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა: მშობიარობიდან 30 საათის შემდეგ ახალშობილი დაინფიცირდა კორონავირუსით, მშობიარობამდე დედის ტესტირებამ დადებითი შედეგი უჩვენა, ვარაუდობენ, რომ ესაა დედიდან ნაყოფზე გადაცემის შემთხვევა. ეს ამ დროისათვის ერთადერთი შემთხვევაა, საერთო ჯამში კი, მსოფლიოში 174 ორსულია დაინფიცირებული და ყველას მდგომარეობა ფასდება დამაკმაყოფილებლად.
თუ ეს ციფრები და მონაცემები თქვენ მაინც გაფრთხობთ, შეეცადეთ პანიკაში არ ჩავარდეთ და არ ინერვიულოთ. ამ დროისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვილები და ბავშვები, როგორც ჩანს, ნაკლებად ავადდებიან კორონავირუსით. არ არის დადასტურებული ჩვილების, რომელთა დედებს ორსულობის დროს ჰქონდათ კორონავირუსი, რაიმე სახის გრძელვადიანი ავადობა.
და თუ მაინც ვერ დაგამშვიდეთ, მოდით ბატონ თენგიზ ცერცვაძეს დავეკითხოთ: „კოვიდ-19“ ახალია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, ის ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული. განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან, რომლისთვისაც ორსულები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და პირველ რიგში, სწორედ ორსულებს ვურჩევთ აცრას. ჩვენ მათ ვურჩევთ, ორსულობის პერიოდში თავი აარიდონ გრიპის დაინფიცირებას, აქ კი რამე ასეთი არ არის. ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე“.
ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თქვენთვის ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები აქვს, ექსპერტები ორსულ ქალებს ურჩევენ:
1. თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ და გასართობ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კვების ობიექტები ვიზიტებისგან;
2 .თუ განსაკუთრებული აუცილებლობაა და გიწევთ შინიდან გასვლა, გამოიყენეთ ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი (რესპირატორი), შეცვალეთ იგი ყოველ 2-3 საათში ერთხელ;
3. მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც SARS– ის თვალსაჩინო ნიშნები აქვთ (ხველა, ცემინება, გამონადენი ცხვირიდან);
4.დაიცავით ერთმანთისგან 2 მეტრის დისტანცია;
5. ხშირად და კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით;
6. დეზინფექცია ჩაუტარეთ ნივთებს, რომლებსაც ხშირად ეხებით, მათ შორის საოფისე ტექნიკას;
7. მისალმებისას შეზღუდეთ შეხება, მიესალმეთ ქართულად!
და ბოლოს, საუკეთესო თავდაცვა – მაქსიმალური თვითიზოლაციაა, განსაკუთრებული შემთხვევბის გარდა, დარჩით სახლში!
კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (დაბალი სიცხე, მშრალი ხველა, სისუსტე) აღმოჩენისას
-სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს გინეკოლოგს, უამბეთ ჩივილების შესახებ დისტანციურად, თავი შეიკავეთ ვიზიტისგან.
-თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდება, ან შვიდი დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, დარეკეთ 112-ზე, 116 001, ან 1505
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი გავლენას მოახდენს თქვენს პატარაზე თქვენს სხეულში
GGRC-ის გუნდი ჯანმრთელობას, გამრავლებას და სიმშვიდეს გისურვებთ!
Leave a reply
Leave a reply