სადაც ზღაპრის ბოლო კეთილია – ნანი ტატიშვილის ბლოგი

რატომ გავხდი რეპროდუქტოლოგი?

როცა პატარა ვიყავი, სადღაც ასე 4-5 წლისა, ძალიან მიყვარდა ექიმობანას თამაში: ყველა ჩემს სათამაშოს ჩამოვამწკრივებდი ხოლმე დიდ დერეფანში და სათითაოდ, გულდასმით ვუტარებდი კონსულტაციას. ალბათ ამ ყოველივეს თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, რადგან პირველად 6 წლის ასაკში გავიგე, რომ ექიმობის გარდა სხვა პროფესიებიც არსებობს – ანუ, როდესაც სკოლაში მივედი და პირველად შევხვდი მასწავლებელს.

მე ოჯახში ყველა ექიმი მყავს. ვინც აღარაა ამქვეყნად, ისინიც ექიმები იყვნენ. ჩემთვის თეთრი ხალათი, რეზინის ხელთათმანების სუნი და საავადმყოფოს თეთრი კედლები ისეთივე ყოველდღიურობის ნაწილი იყო, როგორიც სხვა ბავშვებისათვის – დაჭერობანას თამაში.

შემდეგ გადიოდა წლები და ჩემს ფიქრებსა და აზრებს სხვა მრავალი ინფორმაცია შემოესია. ბევრი ინტერესი გამიჩნდა ცხოვრებაში და ცოტა ხნით გადამავიწყდა “დაჭერობანა”, თუმცა მალევე მეკარგებოდა ენთუზიაზმი და ისევ მოწყენილი ვიყავი, ასე რომ ვთქვათ – “აღარ მინდოდა თამაში”.

საბოლოოდ ცნობიერმაც, არაცნობიერმაც, ქვეცნობიერმაც და მთელმა სამყარომ თავისით მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ არც მე უნდა დამერღვია ჩემი ოჯახის ტრადიცია, უნდა შემებიჯებინა მედიცინის უზარმაზარ, ბნელ ლაბირინთში, რომელსაც მხოლოდ შესასვლელი აქვს და ჰიპოკრატეს ფიცი უნდა დამედო.

ჩემი ოჯახისათვის არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი. ისედაც ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ ჩვენთან ყველა ექიმი უნდა ყოფილიყო. თითქოს იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ, ისევე როგორც 2-ჯერ 2 რომ 4-ს უდრის. მაგრამ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როდესაც მამაჩემი აღმოჩნდა “მტერთა ბანაკში” – მხოლოდ ის იყო წინააღმდეგი ჩემი ექიმობისა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად არ მელაპარაკებოდა მამა 2 თვე.

ბოლოს მაინც გავიტანე ჩემი. სწორედ აქ დაიწყო ყველაზე დიდი თავგადასავალი. ახლა მინდოდა მცოდნოდა უფრო კონკრეტულად, რომელ განხრას ავირჩევდი უშუალოდ მედიცინაში. ყოველი ახალი გამოცდილება ახალ იდეას ბადებდა ჩემში.

პაციენტებთან ურთიერთობა, ანამნეზის შეგროვება, მათი თანაგრძნობა, მხარდაჭერა და რაც მთავარია – სწორი დიაგნოზის დასმა ყოველ ჯერზე უფრო დიდ “აზარტში” მაგდებდა.

მაინც მიჭირდა საკუთარი თავის პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თანაბრად მხიბლავდა და მიზიდავდა. პატარა ბავშვს რომ სათამაშოების ან შოკოლადების მაღაზიაში შეიყვან და ანთებული თვალებით იყურება გარშემო – დაახლოებით ამ კონდიციაში ვიყავი. ყველაფერი მინდოდა, მაგრამ ვიცოდი – უნდა ამერჩია ის ერთი. როგორც ხდება ხოლმე: ვეძებთ იმ ერთადერთს, ოღონდ მე – მედიცინაში.

ყოველთვის გამოვირჩეოდი სენტიმენტალურობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუჩაში ორსულებსა და წყვილებს ახალშობილებით ვხედავდი. მიკვირდა, როგორ არ იხოცებოდნენ ნერვიულობისაგან, როდესაც ქალი მშობიარობდა, ან როგორ შეეძლოთ სიტყვა “აბორტი” უემოციოდ წარმოეთქვათ, როცა ჩემთვის ეს ტრაგედიაა. ვბრაზდებოდი, ჩემსავით რატომ არ უხაროდათ ირგვლივ მყოფებს,როდესაც ახლობლის ორსულობის ამბავს შეიტყობდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი, როცა შემთხვევით აღმოვჩნდი “ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრში”. ამ ფაქტმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. პირველივე წამს ვიგრძენი ის სითბო, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი. ვხედავდი, როგორ ელოდებოდნენ პაციენტები ექიმებს. რა არ მქონდა ნანახი, მაგრამ პაციენტის ასეთ თვალებს პირველად შევესწარი. მათთვის ყველა ექიმი ღმერთი იყო. აქ არ ეშინოდათ ექიმების; ისინი მათ ანგელოზებად ესახებოდნენ, რომლებიც პაციენტების ოცნებებს რეალობად აქცევდნენ.

“თქვენ აუცილებლად გახდებით დედა” – მომესმა პატარა ოთახიდან, როდესაც ერთმა ძალიან ლამაზმა ქალბატონმა ანუგეშა მეორე. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ აქ იყო ჩემი ადგილი: სადაც მედიცინა და ჯადოსნური თავგადასავლები იდეალურადაა ერთმანეთთან შეჯერებული.

პირველად რომ საკვერცხეების პუნქციას დავესწარი, ნერვიულობისაგან გონება დავკარგე. არავის გაჰკვირვებია: ოპერაციის დროს სტანდარტულად ერთხელ მაინც ემართება სტუდენს მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი პირველი ოპერაცია, ამიტომ მე თვითონაც გაოგნებული ვიყავი. მესმოდა ჩემთვის მანამდე უცნობი მედიკამენტების სახელწოდებები და ვერ ვხვდებოდი კანონზომიერებას, რას და როგორ აკეთებდნენ.

როცა საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანა პირველად ვიხილე, ბედნიერებისგან ვტიროდი,ვიაზრებდი, რამდენად დიდი სასწაულის მომსწრე გავხდი.

შემდეგ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაშიც შევიჭყიტე. საოცარი გრძნობაა, როდესაც შენს თვალწინ ვითარდება ცოცხალი არსება. მაშინ მივხვდი, რომ მეც შემეძლო შემექმნა ახალი სიცოცხლე, თუმცა შემეშინდა, როდესაც გავიაზრე, რა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრებოდა: უარყოფითი შედეგები, შეწყვეტილი ორსულობები და სხვა. ეს ამ დიდი საქმის თანამდევი პროცესია. არ არსებობს სიკეთე ბოროტებისა და ნათელი სიბნელის გარეშე. ყოველ საღამოს გვიანობამდე ვიჯექი და ველოდებოდი თითოეული პაციენტის ანალიზის პასუხს. მათ უარყოფით შედეგსა და გასაჭირს ისე აღვიქვამდი, როგორც საკუთარს. ბევრი ცრემლი, დარდი და ნერვიულობა შემხვდა, იმაზე გაცილებით მეტი – ვიდრე მეგონა.

გავიდა დრო და მივხვდი, რომ მე არ მქონდა იმის უფლება, თავი დამეხარა და დავმარცხებულიყავი. ეს მაშინ,როდესაც რამე ისე არ იყო, როგორც მინდოდა.
ამის ძალას კი ყოველი დადებითი შედეგი მაძლევდა. რამდენჯერაც ნაყოფის გულის ცემას ვისმენ, ზუტად იმდენი წელი ემატება ჩემს გულსაც სიცოცხლე. ულამაზესი ორსულების ხილვა დერეფნებში, მათი ბედნიერი და გაბადრული სახეები, თითოეული პაციენტის ნათქვამი – “მადლობა” ყველა დარდსა და იარას მალამოდ მიქცევს.

დღესაც სწორედ ასე განვიცდი კარგსაც და ცუდსაც, მაგრამ პაციენტების გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრების ვერცერთი წამი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია.

მინდა იცოდეთ, რომ როგორც კი ამ გზას აირჩევთ, თქვენ საკუთარი თავის პატრონი ვეღარ იქნებით, არამედ თხემით ტერფამდე მოგიცავთ პაციენტი თავისი ცხოვრებითა და განსაცდელით. აღარც დღე იარსებებს, აღარც ღამე, არც შაბათ-კვირა და არც დასვენების დღე. შეიძლება იფიქროთ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ დამერწმუნეთ – საკმარისია ერთხელ იგრძნოთ ის ყოველივე, რასაც მე ყოველდღიურად განვიცდი – ყველაფერს ნათელი მოეფინება თქვენთვისაც.

აქ ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია

თქვენ არა მარტო სხვას აჩუქებთ სიცოცხლეს, არამედ საკუთარ თავსაც.

მიმაჩნია, რომ ყოველი რეპროდუქტოლოგი ჯარისკაცია, რომელიც ალესილი ხმლით იბრძვის საკუთარი პაციენტის მიზნის მისაღწევად. ის ამავდროულად – კეთილი ანგელოზიცაა, რომელიც ყველა ოცნებას ასრულებს. ასე მგონია, თითოეული მათგანი იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული, რადგან ამქვეყნად იმაზე დიდი სასწაული არაფერია, როდესაც ადამიანს აჩუქებ ყველაზე დიდ ბედნიერებას – შვილს.

 

Leave a reply