მეორე საერთაშორისო კონფერენცია “უნაყოფობა 35+”
12-13 ივნისს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით, „სასტუმრო ბილთმორ თბილისში“ (და Zoom პლატფორმაზე) ჩატარდა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია და ვორქშოფი “უნაყოფობა 35+”.
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC მეორე წელია მასპინძლობს მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა დარგის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლებისთვის.
კოვიდრეგულაციების გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით დარბაზში 70-მდე სტუმრის თავშეყრა გახდა შესაძლებელი, რეპროდუქტოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან სტუმრობდნენ საქართველოს და დარგის მნიშვნელოვანი სიახლეები წარუდგინეს მსმენელს. სფეროს კორიფეები გერმანიიდან, ისრაელიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ონლაინ ჩართვის საშუალებით უზიარებდნენ გამოცდილებას კონფერენციის მონაწილეებს.
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი მადლობას უხდის მეორე საერთაშორისო კონფერენციის “უნაყოფობა 35+” მომხსენებლებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და საუკეთესო პრეზენტაციებისთვის, ნაყოფიერი, საქმიანი თანამონაწილეობისთვის და ქართული რეპროდუქციული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
კონფერენციის მეორე დღე თურქი ემბრიოლოგების ვორქშოფს დაეთმო წინასწარ დარეგისტრირებული მსმენელებისთვის, ემბრიონის ბიოფსიის პრაქტიკულ სამუშაოში მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა სხვადასხვა კლინიკებიდან.
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორის და ფონდის “შენთვის” დამფუძნებლის მიერ მოხდა ახალი სამედიცინო ჟურნალის “Medical Time” პრეზენტაცია, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა და სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებულ მედიცინის მუშაკებს უსასყიდლოდ დაუბეჭდავს კვლევებს და სტატიებს.
კონფერენცის დასკვნით ეტაპზე გაიმართა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების რეპროდუქციული ასოციაციების ხელმძღვანელთა სამუშაო სესია, რეგიონის გამოცდილების გაზიარების და რეგულაციების განხილვის მიზნით, მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არჩვაძემ კი გააკეთეა მოხსენება, თუ რა უპირატესობა აქვს საქართველოს რეპროდუქციულ მედიცინას და კანონმდებლობას რეგიონში და რატომაა საინტერესო საქართველო სამედიცინო ტურიზმის კუთხით.
მონაწილეებს გადაეცათ სერიფიკატები, მოწვეული სტუმრებისგან, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოებისგან ბევრი მადლობა და საქებარი სიტყვა მოვისმინეთ, გვიხარია, რომ შევძელით და ღირსეულად ვუმასპინძლეთ ჩვენს პატივცემულ სტუმრებს და რაც მთავარია, სფეროს ქართველი წარმომადგენლებისთვის ნაყოფიერი და პროდუქტიული ღონისძიება გავაკეთეთ, ამაში კი დიდი წვლილი ჩვენს სამედიცინო წარმომადგენლობებსაც მიუძღვით, მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და გვერდში დაგვიდგა, ვინც ჩვენთან ერთად დგას სიცოცხლის დასაწყისისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართულ საქმეს, სამედიცინო ტურიზმის კუთხით საქართველოს პოპულარიზაციას და ქართველი კოლეგების და ქართული რეპროდუქციული სფეროს განვითარებაზე ზრუნვას.
მეტი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ https://www.facebook.com/ivfconferenceggrc
Leave a reply