უშვილობის სტიგმა – რატომ მე? თამარ ნადირაშვილის ბლოგი

როცა ოჯახს გეგმავდით, ალბათ არ გიფიქრიათ, რომ უშვილობის პრობლემა შეგექმნებოდათ.
თავიდან სპონტანურად ცდილობდი დაორსულებას. რამდენიმე თვიანი წარუმატებლობის შემდეგ, თქვენ უფრო ყურადღებიანი გახდით თქვენი „რომანტიკული პაემნების“ დროის მიმართ.  შეცვალეთ  ცხოვრების წესი, დაიწყეთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვა და შეიძინეთ ოვულაციის ტესტები.

ამ დროს მომატებული ემოციების ფონზე თქვენ განსაკუთრებული მზრუნველობას იჩენთ ბავშვების მიმართ, ყველა ბავშვის ჩახუტება გინდათ, მზრუნველობის ინსტინქტი ისეა მომატებული როგორც არასდროს…  გინდათ პატარა, ისე ძალიან, რომ ყველაფერზე თანახმა ხართ. ორსულობის ყველა თანმდევ პროცესს, ყველაზე უსიამოვნოსაც კი სიხარულით ელოდებით.
მაგრამ, რატომ ხდება ისე, რომ ის რაც სხვებისთვის თითქოსდა ძალიან მარტივი და ბუნებრივია, თქვენგან დიდ რესურსს, ენერგიას და ნერვიულობასაც კი მოითხოვს?
ახლო წრეში, მეგობრებში შობადობის მაჩვენებელი იზრდება. თითქმის ყოველდღე გეპატიჟებიან პატარას დაბადების აღსანიშნავ წვეულებაზე… თქვენ გიყვართ ეს ადამიანები და გულწრფელად გიხარიათ მათი ბედნიერება, მაგრამ ხანდახან ეს ყველაფერი გთრგუნავთ და გაფიქრებინებთ „იქნებ სახლში დარჩენა სჯობს?“, რადგან ამ დროს ისეთი ემოციები ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლებიც ხშირად ტკივილის და იმედგაცრუების შეგრძნებას იწვევს.
ემოციები ამ დროს ყველაზე რთული სამართავია, გეუფლებათ უსამართლობის განცდა, და ეს  ყველაზე მძიმე გვერდითი ეფექტია. ნეგატივზე ჩაბღაუჭებულმა შეიძლება იფიქროთ რომ საღ აზრს კარგავთ და ჭკუიდან გადადიხართ.

  • პირველ რიგში, დამშვიდდით! რასაც განიცდით სრულიად ნორმალურია. იმ ფაზაში ხართ, როდესაც ტვინი მზადაა ბავშვისთვის, ორსულობისთვის, სხეული კი არ არის თანახმა თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის შფოთვის და სტრესული აზრების მომტანია.
  • მოდით, ღიად და გულწრფელად დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს. ბევრი ქალი ასეთ დროს თავს დამნაშავედ გრძნობს, თითქოს მისმა სხეულმა დააღალატა და უჭირს ამაზე საუბარი. დაივიწყეთ! არ მისცეთ ამ აზრებს იმის უფლება, რომ აგიყოლიონ.  დაელაპარაკეთ ამაზე თქვენს მეუღლეს. თქვენ ხომ ერთი გუნდი ხართ? გუნდი კი ყოველთვის შეკრულად მუშაობს გამარჯვებისთვის. ამას ნუ მიაწოდებთ სტრესულად, განიხილეთ ეს ყველაფერი სასიამოვნო გარემოში. ეს უფრო დაგაახლოვებთ და ბევრად მალე მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.
  • მეგობრების როლი – თუ თქვენ თვლით, რომ კომფორტულად იგრძნობთ თავს თუ ამ საკითხზე დაელაპარაკებით მეგობრებს, ოჯახის წევრებს, აუცილებლად გააკეთეთ ეს. პრობლემაზე საუბარმა და საკუთარი შიშების, განცდების გამოტანამ შეიძლება დიდი შვება გაგრძნობინოთ და სიმშვიდე მოგიტანოთ.
  • ამის შემდეგ სცადეთ სხვა ადამიანების აზრის მოსმენა. თუ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი თქვენთვის არა კომფორტულია, სცადეთ მსგავსი პრობლემის მქონე ქალების გამოცდილების მოსმენა, საკუთარის გაზიარება. მსგავსი რამ ყველაზე მარტივად ინტერნეტით შეგიძლიათ გააკეთოთ, ბევრი ფორუმი და ჯგუფი არსებობს, სადაც ქალები ერთმანეთს ამხნევებენ, თავიანთ განვლილ გზას უზიარებენ. ასეთი გარემო მეტ მოტივაციას და იმედს მოგცემთ.
  • დაკავდით სპორტით.  გონება რომ საღი იყოს ენდორფინების – „ბედნიერების ჰორმონის“ პორცია დაგჭირდებათ .  მაგრამ გადაჭარბება არ არის საჭირო, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი სხეულისთვის, არამედ გონებისთვისაც.
  • ვიზიტი პროფესიონალთან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ემოციები სრულიად გასაგებია, თუ ისინი ხელს გიშლიან ყოველდღიურობაში და ნეგატიურად მოქმედებენ თქვენს ურთიერთობაზე, მიმართეთ ფსიქოლოგს, ისაუბრეთ ღიად და გულწრფელად.

აქვე, მოდით, ექიმ-რეპროდუქტოლოგსაც მოუსმინეთ:
განვიხილოთ უნაყოფობის პოტენციური მიზეზები. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, ზოგიც ბიოლოგიური ხასიათისაა; ზოგი საერთოა ორივე სქესისთვის, ზოგი კი სპეციფიკურია კონკრეტული სქესისთვის.
შეგახსენებთ, რომ უნაყოფობის დიაგნოზი დაისმება: თუ 35 წლამდე ხართ და ერთი წლის რეგულარული სექსუალური აქტივობის განმავლობაში ვერ დაორსულდებით. თუ თქვენ ხართ 35 წელზე მეტი ასაკის, სექსუალური აქტივობიდან ექვსი თვის განმავლობაში.
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. ეცადეთ შეცვალოთ თქვენი ჩვეული რუტინები და შეიძლება შედეგი უკვე მოცემულ ეტაპზეც დაინახოთ.
მოდით, გავარკვიოთ, რა მოქმედებს ნეგატიურად ნაყოფიერებაზე:
თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება ნეგატიურად მოქმედებს ქალის და მამაკაცის ჩასახვის შესაძლებლობაზე. ამ ორის გაერთიანებული მოქმედება კი უფრო დიდი საფრთხის შემცველია.
სხეულის მასის დეფიციტი ან ჭარბი წონა ზეგავლენას ახდენს ქალის ნაყოფიერებაზე
ცხელი აბაზანების ხანგრძლივი ზემოქმდება იწვევს სპერმის ხარისხის დაქვეითებას
ლუბრიკანტები – მაგალითად ვაზელინმა ან ვაგინალურმა კრემმა შესაძლოა მოახდინოს ზემოქმედება სპერმის ხარისხზე
კოფეინის დიდმა რაოდენობამ (200მგ-ზე მეტი დღის განმავლობაში, 7 ჭიქა დაახლოებით) შესაძლოა გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი. ზოგიერთი სასმელი შეიძლება 560მგ კოფეინს შეიცავდეს, ერთ ჭიქაში!
ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება, ისეთების როგორიცაა პესტიციდები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რენტგენის სხივები. ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმატოგენეზის დარღვევა.
ზოგიერთი წამალი, რომელიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ასევე ნაგატიურ გავლენას ახდენს მამაკაცის ნაყოფიერებაზე
აქვე უნდა ვახსენოთ მაღალი არტერიული წნევაც, რომელმაც შესაძლოა უნაყოფობამდე მიიყვანოს საქმე.

ინფერტილობის მიზეზები ქალებში:

  • ქალების დაახლოებით 25%-ში გვხვდება ოვულაციის პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა წარმოიქმნება ჰორმონალური დისბალანსის გამო (მაგალითად, გარკვეული ჰორმონების ნაკლებობისას ან როდესაც ჰორმონი არ წარმოიქმნება საჭირო დროს). ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი დისფუნქცია (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის დარღვევები) სტრესი, გადაჭარბებული ვარჯიში, წონის მკვეთრი მატება ან დაკლება.

ორგანული დარღვევები:

  • ფალოპის მილის გაუვალობა – რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შეერთება ან ემბრიონის იმპლანტაციის პროცესი. ამ პათოლოგიის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის წარსულში გადატანილი ინფექციები ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • საშვილოსნოს ყელის ფაქტორი – საშვილოსნოს ყელის ლორწოს არასაკმარისი სეკრეცია ან მისი სრული არარსებობა (ინფექციები, საშვილოსნოს ყელის კონიზაცია) ხელს უშლის სპერმატოზოიდის შეღწევას საშვილოსნოში
  • ენდომეტრიოზი – ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის უჯრედები გვხვდება საშვილოსნოს გარეთ (საკვერცხეებში, მუცლის ღრუში და სხვა ორგანოებში). გვხვდება ქალების დაახლოებით 35%-ში უნაყოფობის სხვა დიაგნოსტიკური მიზეზების არარსებობის შემთხვევაში
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი – ხშირად ანოვულაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

ინფერტილობის მიზეზები მამაკაცებში:

  • განმეორებითი/გართულებული რესპირატორული ინფექციები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება, ე.წ. ვარიკოცელე (სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება, იწვევს სათესლე ჯირკვლის ზრდის და განვითარების შეფერხებას, ტკივილს და დისკომფორტს სათესლე ჯირკვლის არეში. საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა ყოველთვის უშვილობამდე არ მიდის საქმე)
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • არასრულფასოვანი სპერმა – ცოცხალი და მოძრავი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა ან არარსებობა
  • ერექციული დისფუნქცია – მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ვერ ანხორციელებს სექსუალურ აქტს, ერექციის უქონლობა
  • კრიპტორქიზმი – ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი, სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოსვლის შეფერხება
  • ოჯახური და სამედიცინო ანამნეზი. უნაყოფობამდე შეიძლება მიგვიყავნოს როგორც ზოგიერთმა მემკვიდრეობით მიღებულმა ასეევ ადრე გადატანილმა დაავადებამ
  • ორქიტი (სქესობრივი მომწიფების შემდეგ) – სათესლე ჯირკვლის ანთება. ის, ჩვეულებრივ, რომელიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულების სახით ვითარდება. ანთებას დასაბამს აძლევს გრიპი, პარაგრიპი, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), ქუნთრუშა, პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრუცელოზი, მუცლის ტიფი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეპიდემიური პაროტიტი (იგივე ყბაყურა) ასიდან 30 შემთხვევაში ორქიტით რთულდება.
  • ანამნეზში ქირურგიული ჩარევა სასქესო ორგანოებზე
  • ცისტური ფიბროზი, იგივე მუკოვისციდოზი, სხვა გენეტიკურ დაავადებებთან შედარებით საკმაოდ გავრცელებულია. ცისტური ფიბროზის მოქმედების არეალი თითქმის მთელი ორგანიზმია, მაგრამ ყველაზე მეტად სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ზარალდება. მას შეუძლია, როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობა გამოიწვიოს.

და ბოლოს, გახსოვდეთ, ორსულობის დადგომაზე პასუხისმგებელია ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი. პროცესში იმდენი დრო ეთმობა ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს, რომ ხანდახან ჩნდება აზრი თითქოს კაცი აქ არაფერ შუაშია. სინამდვილეში კი უნაყოფობა თანაბრად გვხვდება ქალებში და კაცებში. ყველაზე დიდ როლს უნაყოფობაში ქალის და  მამაკაცის ფაქტორი ასრულებს, დანარჩენი უბრალოდ კომბინირებული ან უცნობი მიზეზებია.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ურთიერთგაგებას და ნაყოფიერებას <3

Leave a reply