GGRC კიბოს მსოფლიო კამპანიას უერთდება

4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, რომლის ინიციატივითაც დაარსდა ეს დღე, ცდილობს მოსახლეობის ყურადღება მიაპყროს ავთვისებიანი სიმსივნეების აღკვეთას, გამოვლენას და მკურნალობას. ყოველწლიურად მსოფლიოში 8.2 მილიონი ადამიანი კვდება სიმსივნის დიაგნოზით.
კიბოს მსოფლიო ორგანიზაცია მასშტაბური გლობალური კამპანიით მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას გაერთიანდნენ ისეთი საკვანძო თემების ირგვლივ, როგორიცაა:
ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უზრუნველყოფა
მკურნალობის ხელმისაწვდომობა
ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება
სერვისების ხელმისაწვდომობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში ოც მილიონამდე გაიზრდება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს გაუსწრებს და დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის სტრუქტურაში პირველ ადგილს დაიკავებს.
ონკოლოგიური დაავადება წლების მანძილზე სიკვდილთან იყო გაიგივებული. ამ სტერეოტიპის ნგრევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიბოსთან დაკავშირებული სხვა ყველა პრობლემა, რადგან კიბოს დამარცხების მთავარი იარაღი ფსიქოლოგიური მზაობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი და უნარია. ონკოლოგიური დაავადების გაიგივება სიკვდილთან შეცდომაა – ექიმებმა უნდა აუხსნან პაციენტებს, რომ მათი დახმარების გარეშე, მათი ნების გარეშე მხოლოდ ქირურგია თუ ქიმიოთერაპია დაავადებას ვერ დაამარცხებს.
ემპათია, მხარდაჭერა, თანადგომა ონკოლოგიური პაციენტების მიმართ, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ფინანსური პრობლემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბარიერია, გადამწყვეტია კიბოსთან ბრძოლისას, საზოგადოების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ჩვენი კლინიკა კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, 4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღეს  ჩვენ მივიღეთ მსოფლიო კიბოს ასოციაციის გამოწვევა და  ჩვენი მხარდაჭერა ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებს გამოვუცხადეთ, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დონაცია სარეაბილიტაციო სახლისთვის განხორციელდა, “ბედნიერ სახლში”, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები იცხოვრებენ GGRC-ის ოთახიც იქნება, რომლის დიზაინზე, კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურაზე კლინიკა იზრუნებს.

Leave a reply