GGRC-მა რეგიონალური ვიზიტები განაახლა

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC გახსნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის პროფილურ კლინიკებთან და ადგილობრივ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს და კვლევებს სთავაზობს.

კლინიკა GGRC  საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ერთადერთია, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პაციენტებს კლინიკასთან არსებული საქველმოქმედო ფონდით ეხმარება. არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მე-8 წყვილი უშვილოა, რეპროდუქციულ სამედიცინო სერვისებს კი მათ არც ერთი სადაზღვევო რგოლი არ უფინანსებს, კლინიკის მესვეურებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს და კლინიკასთან არსებული საქველმოქმედო ფონდის „შენთვის“ თანადაფინანსებით შეეთავაზებინათ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურები.
2 წლის განმავლობაში ფონდმა ათასზე მეტ უშვილო წყვილს ჩაუტარა უფასო კონსულტაცია, თანადაფინანსება გაუწია 200-მდე წყვილს და ფონდის დახმარებით ქვეყანას უკვე მოევლინა 38 ახალი სიცოცხლე.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რეგიონებში არსებული მდგომარეობიდან და პაციენტთა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, GGRC-მა, ფონდი „შენთვის“ ეგიდით, რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გასვლითი აქციები გასულ წელს დაიწყო. უფასო კონსულტაციები და სამედიცინო ვორქშოფები კლინიკის მიერ უკვე ერთი წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მისი მიზანი არა მხოლოდ პაციენტების მომსახურება, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლებაცაა.
რეგიონის კლინიკებთან თანამშრომლობის ფარგლებში, GGRC-ის მედიკოსების მიერ უშვილო წყვილების კონსულტირება და გამოკვლევები პარტნიორი კლინიკების ექიმებთან ერთად ხორციელდება.

წლის პირველი ვიზიტი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში წარმატებით დასრულდა, კლინიკის ექიმებმა სამი დღის განმავლობაში 300-ზე მეტ პაციენტს გაუწიეს კონსულტაცია და ჩაუტარეს კვლევები, უშვილო წყვილებისთვის ულტრასონოგრაფიული კვლევა რეპროდუქციული ფუნქციის შეფასების მიზნით და სპერმოგრამა.

მსგავსი აქციები ყოველთვიურად ჩატარდება რეგიონებში, პაციენტთა მოთხოვნის კვალდაკვალ.

Leave a reply